საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

შიდაგანაწესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს

შრომის შინაგანაწესი

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი.

 

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - „სააგენტო“) შრომის შინაგანაწესი (შემდგომ -„შინაგანაწესი“) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 23-ე მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ თანამდებობრივი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) დასაქმებულთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

ე) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ვ) დასაქმებულთა  კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;

ზ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტურობის ხელშეწყობა;

თ) დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა;

ი) დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სამსახურებრივი ურთიერთობის მოწესრიგება;

კ) დასაქმებულთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ხელშეწყობა.

3. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) დასაქმებულთა დისკრიმინაციის აკრძალვა;

ბ) დასაქმებულის უფლება-მოვალეობები და სამსახურებრივი ეთიკის ნორმები;

გ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებების დასაქმებულთათვის გაცნობისა და მისი შესრულების წესი;

დ) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, ასევე შესვენებისა და დასვენების დრო;

ე) ზეგანაკვეთური სამუშაო;

ვ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი;

ზ) დასაქმებულთა მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი;

თ) თანამშრომელთა მივლინების წესი;

ი) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;

კ) სამსახურში დაგვიანებისა ან გამოუცხადებლობის შესახებ შეტყობინების წესი;

ლ) დასაქმებულთა მატერიალური პასუხისმგებლობა;

მ) სააგენტოდან გათავისუფლებულ პირთან საბოლოო ანგარიშსწორების წესი;

ნ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი წესი;

ო) თანამშრომელთა სხვა უფლება-მოვალეობანი.

4. წინამდებარე შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია და შესასრულებლად სავალდებულოა სააგენტოში დასაქმებული ყველა პირისთვის.

5. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების დადებამდე/დანიშვნის ბრძანების გამოცემამდე გააცნოს შინაგანაწესი პირს, რომელმაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მისი გაცნობა, რაც ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

 

 

მუხლი 2. დისკრიმინაციის აკრძალვა

 

დაუშვებელია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (მათ შორის სექსუალური შევიწროება) რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

მუხლი 3. დასაქმებულის უფლება-მოვალეობები

 

1. დასაქმებულს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ყველა დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება–მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური საშუალებები;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

გ) გაეცნოს მის პირად საქმეს, ასევე იმ საბუთებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში;

დ) სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ძირითად საქმიანობას შეუთავსოს პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სხვა ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად ისე, რომ ძირითად საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას ხელი არ შეეშალოს;

ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

2. დასაქმებული ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს სააგენტოს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფის და მისი უშუალო უფროსის დავალებები, გარდა ისეთისა, რომელიც

ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

დ) დაიცვას სააგენტოს შინაგანაწესი;

ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ზ) დაიცვას შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქციები;

თ) თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც ზიანს მიაყენებს სააგენტოს რეპუტაციას;

ი) არ გააკეთოს ოფიციალური განცხადებები სააგენტოს სახელით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს სააგენტოს თავმჯდომარის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის შესაბამისი ნებართვა;

კ) გაუფრთხილდეს სააგენტოს მიერ მისთვის გადაცემულ მატერიალურ საშუალებებს;

ლ) დაიცვას სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესები;

 

      მ) დააფიქსიროს სამსახურში მოსვლის და წასვლის, ასევე შესვენებაზე გასვლის და დაბრუნების დრო;

      ნ) საზოგადოების წევრებთან და სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი და თავაზიანი, თავისი აზრი, მოთხოვნები, შენიშვნები და წინადადებები გამოთქვას კორექტული და ზრდილობიანი ფორმით;

      ო) მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიურ განხილვაში, საკითხებზე სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.

      პ) მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე და პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

      3. თანამშრომელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან სააგენტოს რეპუტაციას.

      4. დასაქმებულს ეკრძალება:

ა) თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის გამოყენება;

ბ) სააგენტოს ხელმძღვანელი პირის/უშუალო უფროსის მიერ დაკისრებული კანონიერი დავალების შესრულებაზე უარის თქმა.

გ) სამინისტროს სისტემის დაწესებულების პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება.

დ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიღებული სამსახურებრივი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;

ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მოქალაქისგან ან/და დაქვემდებარებული პერსონალისგან ფასიანი საჩუქრის ან/და სარგებლის მიღება;

ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ მიტოვება სამუშაო საათებში;

ზ) ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სამსახურში გამოცხადება ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამუშაო საათების განმავლობაში აღნიშნული საშუალებების მიღება (გარდა საზეიმო ან ოფიციალური ღონისძიებებისა), აგრეთვე ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება, გარდა სამედიცინო დანიშნულებისა;

თ) სამსახურებრივი ავტომანქანის მართვა ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

ი) სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში თამბაქოს მოწევა.

5. დასაქმებულის მიმართ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულ საშუალებათა მოხმარების ფაქტის დადასტურების, აგრეთვე მის მიერ ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევა ჩაითვლება შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად.

 

მუხლი 4. თანამშრომლის სამსახურებრივი ეთიკის ნორმები      

 

      1. თანამშრომელი მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, ვალდებულია:

      ა) პირნათლად, პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი, მიღებული დავალებების მიმართ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და მობილიზებულობა, ამასთან დროულად და სრულფასოვნად შეასრულოს მიღებული დავალებები. შესაძლო არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელმძღვანელ პირებთან დააზუსტოს მიღებული დავალების შინაარსი;

      ბ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სააგენტოს მუშაობას და ლახავს  სამსახურის ავტორიტეტს;

      გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ ჩაიდინოს იმგვარი სამსახურებრივი ღირსების შემლახავი ქმედება, როგორიც არის: უპატივცემულო მოპყრობა, როგორც მოსამსახურე კოლეგების, ასევე სააგენტოს ბენეფიციარებისა და სხვა მოქალაქეებისადმი; აშკარად შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციების გამოყენება;

      დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას;

      ე) დაიცვას წინამდებარე შინაგანაწესი;

      ვ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიაზე;

      2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს საჯარო მოსამსახურისათვის შესაფერის ვიზუალურ ფორმაში და დაიცვას პირადი ჰიგიენა.

      3. თანამშრომელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან სააგენტოს რეპუტაციას.

 

მუხლი 5. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა გაცნობის წესი

 

1. დასაქმებულთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული აქტის გაცნობა, გარდა იმ აქტისა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში, ხორციელდება:

ა) დანიშნულების მიხედვით სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაბამისი აქტის გაგზავნით, მათი გაცნობის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (eDocument) დასაქმებულის ხელმოწერის დაფიქსირებით - „გავეცანი“;

ბ) დასაქმებულის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით;

2. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების, ასევე სააგენტოს თავმჯდომარესთან ჩატარებული თათბირის ოქმის დასაქმებულისთვის გაცნობას უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.

 

მუხლი 6. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების და დასვენების დრო

 

1. დასაქმებულთათვის განსაზღვრულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა. სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს კვირაში 40 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.

2. სამუშაო დრო როგორც წესი იწყება 9:00 საათზე და მთავრდება 18:00 საათზე.

3. სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს იმ დასაქმებულთა ვინაობა, რომელთა სამუშაო დრო დაიწყება 10 საათზე და დამთავრდება 19 საათზე, ან სამუშაოს დაწყების და დასრულების განსხვავებული დრო, რა დროსაც დაცული უნდა იქნას 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.

4. დასაქმებულის მიერ სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება არაუგვიანეს 9 საათისა და 30 წუთისა  ჩაითვლება საპატიოდ.

5. დღის განმავლობაში თანამშრომელთათვის განსაზღვრულია შესვენების დრო, რომლის ხანგრძლივობა  შეადგენს 1 საათს. დასაქმებულის მიერ შესვენება გამოყენებული უნდა იქნას 13 საათიდან 14 საათამდე. ამასთან, შესვენების დროის გამოყენება სამუშაო ადგილის დატოვებით უნდა იყოს შეთანხმებული უშუალო ხელმძღვანელთან იმ ფორმით, რომ შესვენების დროსაც სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი დასაქმებული უნდა იმყოფებოდეს სამუშაო ადგილას.

6. დასაქმებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე (ბავშვის მოვლა, ორსულობა, სალექციო კურსის კითხვა, სალექციო კურსზე დასწრება და სხვა საპატიო მიზეზი), სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განუსაზღვროს ცალკეულ დასაქმებულს სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების განსხვავებული დრო, მაგრამ სამსახურში გამოცხადების დრო როგორც წესი არაუგვიანეს 10 საათისა.

7. მეძუძურ ქალს, რომელიც კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს ბრძანებით, ეძლევა დამატებითი შესვენება, დღეში 1 საათის ოდენობით.

8. დასვენების დღეებია:

 ა) შაბათი და კვირა;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეები.

9. დასაქმებულს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში თავისი დეპარტამენტის უშუალო ხელმძღვანელთან  წერილობითი შეთანხმებით  გამოიყენოს 6 დღე (day off), მაგრამ თვეში არა უმეტეს 2 დღისა და არა ერთმანეთის მიყოლებით. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა დასაქმებულს ჩაეთვლება საპატიოდ.

10. სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ცალკეული პირის სამუშაო გრაფიკი, სამუშაოს დაწყების და დამთავრების დრო, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებითა და ამ შინაგანაწესით.

11. სააგენტოში დასაქმებულებს, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობას, დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განესაზღვროთ თავისუფალი გრაფიკი, სამუშაო დღის არაუმეტეს 4 (ოთხი) საათისა კვირაში ორი დღით.

12. სააგენტოში დასაქმებულთა სამსახურში გამოცხადება  და სამუშაო ადგილის დატოვება  ფიქსირდება მართვის ავტომატური სისტემის გამოყენებით და აღრიცხვა წარმოებს „სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ელექტრონული ტაბელის" მეშვეობით, ან მატერიალური ფორმით არსებულ ჟურნალში ხელმოწერით (ტაბელით).

13. დაუშვებელია სამუშაო დროის დასრულების შემდგომ, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ დასვენების დღეებში, თანამშრომლების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში  ყოფნა თავისი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

 

მუხლი 7. ზეგანაკვეთური სამუშაო

 

  1. შინაგანაწესის მე-6 მუხლით განსაზღვრული სამუშაო დროის გარდა, დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო (შემდგომში – „ზეგანაკვეთური სამუშაო“) ექვემდებარება ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
  2. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.
  3. საქართველოს შრომის კოდექსის მე-30 მუხლით დადგენილ უქმე დღეებში, დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება  მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

4. დასაქმებულის მიერ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის/ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შემდეგ, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი/სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument) მეშვეობით, მოხსენებითი ბარათით, წარუდგინოს სააგენტოს თავმჯდომარეს შესრულებული სამუშაოს აღწერა, სამუშაო საათების მითითებით და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ან დამატებითი დასვენების დროის მიცემის მოთხოვნით.

5. წარდგენილი მოხსენებითი ბარათი, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ რეზოლუციის დადების (თანახმა ვარ) შემთხვევაში, ეგზავნება სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

6. სააგენტოს თავმჯდომარის დავალებით ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება ან დამატებითი დასვენების დროის მიცემა ხორციელდება სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).

7. ზეგანაკვეთური სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება მოხდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რომლის ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

 

მუხლი 8. სამსახურებრივი შეთავსება

 

  1. თანამშრომელს უფლება აქვს, შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სააგენტოში ან სააგენტოს ფარგლებს გარეთ, თუ მისი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება სააგენტოს საქმიანობას და ინტერესებს.
  2. სააგენტოს გარეთ სხვა თანამდებობის დაკავება ან ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა, დასაშვებია მხოლოდ სააგენტოში დადგენილ არასამუშაო დროს.
  3. თანამშრომელი ვალდებულია სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის შესრულების დროს, რომელიც ემთხვევა სააგენტოში დადგენილ სამუშაო დროს, აცნობოს დეპარტამენტის ხელმძღვანელს და სააგენტოს თავმჯდომარეს. შეთავსება დასაშვებია სააგენტოს თავმჯდომარის წერილობითი თანხმობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 საათს, ხოლო კვირაში  2 დღეს.

 

მუხლი 9. სამსახურში არმყოფი დასაქმებულის მოვალეობათა შესრულება

 

1. სააგენტოს თავმჯდომარე დროებით არმყოფი დასაქმებულის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, როდესაც დასაქმებულის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, უფლებამოსილია:

ა) გადაუნაწილოს არმყოფი დასაქმებულის მოვალეობანი სხვა დასაქმებულს მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი დასაქმებულის მოვალეობანი სხვას და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. დასაქმებულს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან ეს მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.

3. დასაქმებულს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი დასაქმებულის მოვალეობა არა უმეტეს 1 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში. არმყოფი დასაქმებულის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ დასაქმებულის წერილობითი თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

 

მუხლი 10. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი

 

  1. დასაქმებული იღებს ხელფასს (თანამდებობრივ სარგოს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. დასაქმებულის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) ოდენობა დგინდება საშტატო განრიგით.
  3. სააგენტოში დასაქმებულ პირზე შრომის ანაზღაურება გაიცემა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშზე ჩარიცხვით,  თვეში ერთხელ, არაუგვიანეს თვის ბოლო სამუშაო დღისა.
  4. დასაქმებულზე პრემიების (ფულადი ჯილდოს) გაცემის საკითხი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  5. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლება აქვს დასაქმებულს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

6. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.

  1. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში დასაქმებულს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (თანამდებობრივი სარგო).

 

 

მუხლი 11. შვებულების გამოყენების წესი

 

1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღე.

2. დასაქმებულს  უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება დაწესებულების ინტერესებს.

3. დასაქმებულებისთვის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

5. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.

6. დასაქმებულს შვებულება მიეცემა უწყვეტად არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადით, მხარეთა შეთანხმებით შვებულება გამოიყენება ნაწილ-ნაწილ. გამონაკლის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია კუთვნილი მთლიანი შვებულების  უწყვეტად გამოყენება.

7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

8. სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საჭიროების შემთხვევაში ადგენს მის დაქვემდებარებაში მყოფ  დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების მიცემის რიგითობას, რომელიც უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან.

9. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, თავმჯდომარე უფლებამოსილია, უარი თქვას დასაქმებულისათვის შვებულების მიცემაზე (უარი ფიქსირდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის სარეზოლუციო ველში). შვებულებით სარგებლობაზე უარის შემთხვევაში, შვებულების ხელახალი მოთხოვნა წარმოიშობა უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის შემდგომ. აგრეთვე დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.

10. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

11. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია დასაქმებულის შვებულებიდან გამოძახება (შვებულების შეწყვეტა)  შეწყვეტის საჭიროების თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობოს თანამშრომელს, კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალებით და იგი ვალდებულია დაუყონებლივ ან მომდევნო სამუშაო დღეს გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, გარდა გამოუცხადებლობისათვის გონივრული საპატიო მიზეზის არსებობისა.  

12. დასაქმებული ვალდებულია ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნით არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე განცხადებით მიმართოს სააგენტოს თავმჯდომარეს შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ვადაში წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

13. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

14. დასაქმებულს წელიწადში ერთხელ, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით, შესაძლოა დამატებით მიეცეს სასწავლო შვებულება ერთ თვემდე ვადით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

 

მუხლი 12. მივლინება

 

1. სააგენტოს თავმჯდომარეს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია დასაქმებული სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მიავლინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2. სააგენტოში დასაქმებული პირის მივლინებაში უწყვეტად გაგზავნის ხანგრძლივობა წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადის გახანგრძლივება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოში დასაქმებული პირის თანხმობით.

3. მივლინების პერიოდში დასაქმებულს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება.

4. მივლინების საფუძველს წარმოადგენს  სააგენტოს თავმჯდომარის წერილობითი დავალება ან სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილი მოხსენებითი ბარათი. მოხსენებით ბარათში უნდა დაფიქსირდეს შემდეგი მონაცემები:

ა) მისავლინებელი პირ(ებ)ის ვინაობა;

ბ) მივლინების მიზანი;

გ) მივლინების ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) მივლინების ხარჯები;

5. დასაქმებულის მივლინების ხარჯები სააგენტოს მიერ ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. თანამშრომლის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.

7. მივლინების გაუქმება, გადატანა, გაგრძელება ან მასში რაიმე სახის ცვლილებების შეტანა ხდება დეპარტამენტის უფროსის მიერ სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე მზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

8. თანამშრომელი ვალდებულია მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგინოს მივლინების შედეგებისა და მასთან დაკავშირებული არსებითი საკითხების ანგარიში.

 

მუხლი 13. მივლინების ანაზღაურების წესი

 

1. შესაძლებელია დასაქმებულს სამივლინებო თანხა მიეცეს:

ა) ავანსის სახით მივლინებაში გამგზავრებამდე მაშინ, როდესაც წინასწარ შექმნილია ბრძანება მივლინების შესახებ და გადაგზავნილია შესაბამის სამსახურში ასანაზღაურებლად;

ბ) მივლინების დასრულების შემდგომ, როდესაც წარმოადგენს ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელ საბუთებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ვერ წარმოუდგეს შესაბამის სამსახურს მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის კანონმდებლობის შესაბამისად სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს, მაშინ იგი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე.

3. ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დასაქმებულისთვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება  ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.

4. დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული სრულყოფილი დოკუმენტაცია (მგზავრობის, ღამისთევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სხვა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის (eDocument) საშუალებით, ხოლო დედანი დოკუმენტაცია უშუალოდ, წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში  მივლინების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. მივლინების თანხა დასაქმებულს დაერიცხება პირად ანგარიშზე.

 

მუხლი 14. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

 

1. დასაქმებული ვალდებულია, სამუშაო დღეებსა და საათებში დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილას.

2. წინასწარ ცნობილი მიზეზის გამო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, წინა დღეს წერილობით დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (Edocument) მეშვეობით  აცნობოს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს  სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ (day off).

3. დასაქმებული ვალდებულია, წინასწარ ცნობილი მიზეზის გამო, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, წინა დღეს, ხოლო სამუშაო დროის დასრულებამდე სამსახურის დატოვების შემთხვევაში წინასწარ ელექტრონული ფოსტით აცნობოს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს,  სამსახურში დაგვიანებით და/ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე გასვლის  შესახებ.

4. წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით დასაქმებულის  სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული  ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სამმართველოსა და დეპარტამენტის  უფროსს. სამსახურში დაბრუნებულმა დასაქმებულმა თავისი სამმართველოს ხელმძღვანელის  მოთხოვნისთანავე შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნდა წარუდგინოს სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილი წერილობითი ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და გაცდენილი დღის/დღეების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების საპატიოდ ჩათვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილის მიტოვება არასამსახურებრივ საკითხებზე, მისი სამმართველოს ხელმძღვანელთან (მის მოვალეობის შემსრულებელთან ან ზემდგომ ხელმძღვანელთან) შეუთანხმებლად.

 

მუხლი 15. დასაქმებულის წახალისების წესი

 

1. დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს გადაცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის გადაცემა;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა.

2. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. დასაქმებულის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს სააგენტოს თავმჯდომარეს.

4. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს/შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

5. დასაქმებულთა მიმართ წახალისების ფორმების გამოყენების საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

6. დასაჯილდოებელ პირს ჯილდო გადაეცემა პირადად ან საზეიმო ვითარებაში. ჯილდოს გადასცემს სააგენტოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოადგილე.

7. დაჯილდოებული დასაქმებულის პირად საქმეში თავსდება დაჯილდოების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი ან ამონაწერი.

 

მუხლი 16. დისციპლინური გადაცდომა

 

1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამუშაო ადგილზე არასაპატიო მიზეზით სისტემატიური დაგვიანება, სამუშაო ადგილის სამუშაო საათების დასრულებამდე სისტემატიური დატოვება ან სამსახურში გამოუცხადებლობა, რაც აღემატება თვეში სამ შემთხვევას;

ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება;

გ) სააგენტოს შინაგანაწესის დარღვევა;

დ) სააგენტოსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა.

ე) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“) სისტემაში დასაქმებული პირის/მოხელის/თანამშრომლის ან/და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;

ვ) დასაქმებულის მიერ 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებურად მიტოვება (რომელიც დადასტურებულ უნდა იქნეს დოკუმენტურად).

ზ) ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან დასაქმებული პირისათვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სააგენტოს ავტორიტეტს.

 

 

მუხლი 17. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

 

  1. 1.  დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

3. ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში დასაქმებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, ერთი დისციპლინური სახდელის შეფარდებით.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის წარმოებას აწარმოებს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

 


მუხლი 18. დისციპლინური გადაცდომის ხანდაზმულობის ვადა

 

დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება პირს, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია არანაკლებ სამი წელი. პირს ასევე არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის შესახებ ცნობილი იყო სააგენტოს თავმჯდომარისთვის და 1 წლის განმავლობაში არ მომხდარა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა პირს შეიძლება დაეკისროს არასაპატიო მიზეზის გამო სამსხურში დაგვიანებით გამოცხდებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.

 

მუხლი 19. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა

 

1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 6 თვე, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 1 (ერთი) წელი.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში დაუშვებელია დასაქმებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენება, გარდა შინაგანაწესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა.

3. თუ დასაქმებულის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის დასაქმებულის მიმართ გამოიყენება მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და დასაქმებული სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურის თვითნებურად დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.

5. დასაქმებული უნდა ჩამოშორდეს სამსახურს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს მოცემული დღის განმავლობაში. დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს მის მიმართ მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.

6. სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, დასაქმებულის ხელმძღვანელის (დეპარტამენტის უფროსის) წერილობითი მოთხოვნით დასაქმებულს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური სახდელი, თუ გასულია დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის ნახევარზე მეტი, დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.

 

 

მუხლი 20. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლები

 

1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები;

ბ) სააგენტოს მიერ მიღებული ზეპირი ან წერილობითი ინფორმაცია (გარდა ანონიმურისა), ასევე სააგენტოში დასაქმებული ან/და სხვა პირის განცხადება, საჩივარი, მოხსენებითი ბარათი, ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობისას დასაქმებულის მიმართ იწყებს დისციპლინურ წარმოებას, გარდა  შინაგანაწესის მე-16  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობებს მას. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულთან შეჩერებულია შრომითი ურთიერთობა დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია დასაქმებულს წერილობით მიეწოდება  შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

3. შინაგანაწესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი დასაქმებულის მიმართ იწყებს დისციპლინურ წარმოებას, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილზე არასაპატიო მიზეზით დაგვიანებას, სამუშაო ადგილის სამუშაო საათების დასრულებამდე დატოვებას ან სამსახურში გამოუცხადებლობას აქვს სისტემატიური ხასიათი, კერძოდ აღნიშნული შემთხვევები აღემატება თვეში სამ შემთხვევას;

4. დასაქმებული ვალდებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წარუდგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება.

5. დისციპლინური წარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1  თვეს, აუცილებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი დასაბუთებული  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დისციპლინური წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.

6. დისციპლინური წარმოების შედეგად მომზადებული დასკვნა წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც დასკვნის გათვალისწინების შემთხვევაში, მისი მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დასაქმებულის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომას.

7. სააგენტოს თავმჯდომარე, პირის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას, ითვალისწინებს დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს, მიზანს, მოტივს, შედეგს, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

8. დისციპლინური წარმოების პერიოდში, სააგენტოში დასაქმებული პირი შეიძლება ჩამოშორებულ იქნეს სამსახურებრივ საქმიანობას. ამ შემთხვევაში სააგენტოში დასაქმებულს უნარჩუნდება თანამდებობა და შრომის ანაზღაურება (ხელფასი).

9. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რის შესახებაც მას ეცნობება ბრძანების ასლის მიწოდებისას.

 

მუხლი 21. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით (eDocument) სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტით სარგებლობის წესი

 

  1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (eDocument) ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტ სისტემები, მათში განთავსებული ან/და გაგზავნილი/მიღებული ინფორმაციის ჩათვლით წარმოადგენს სააგენტოს საკუთრებას და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით.
  2. დასაქმებული ვალდებულია რეგულარულად და სისტემატურად შეამოწმოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის პირადი პორტალი და შესაბამის ვადებში მოახდინოს რეაგირება.
  3. დასაქმებული ვალდებულია, სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებული მიმოწერა აწარმოოს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით, რომელსაც ამოწმებს, სულ მცირე, სამუშაო დღის ყოველ 3 (სამ) საათში ერთხელ, მიღებულ წერილებზე დროულად მოახდინოს რეაგირება და მესამე პირებთან მიმოწერისას დამატებით კონტაქტებში მიუთითოს (CC ან BCC) მისი უშუალო ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტის მისამართი. სამსახურებრივი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით მესამე პირებთან მიმოწერისას, დასაქმებული ვალდებულია დამატებით მიუთითოს თავმჯდომარის, ხოლო თუ მის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე, მოადგილის ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    1. სააგენტოს შიგნით დასაქმებულთა მიმოწერისას გამოიყენება შემდეგი წესი:

ა) ერთი სამსახურის შიგნით მიმოწერისას დასაქმებული ვალდებულია დამატებით კონტაქტში მიუთითოს (CC ან BCC) მისი უშუალო ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) სხვადასხვა სამსახურის დასაქმებულთა შორის მიმოწერისას, დასაქმებული ვალდებულია დამატებით კონტაქტში (CC ან BCC)  მიუთითოს, როგორც უშუალო ხელმძღვანელის ასევე წერილის ადრესატის უშუალო ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით მიმოწერისას, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ადრესატებისა, დასაქმებული ვალდებულია დამატებით კონტაქტებში (CC ან BCC) მიუთითოს თავმჯდომარის, ხოლო თუ მის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე, მოადგილის ელექტრონული ფოსტის მისამართი.

  1. სააგენტოს ყველა დასაქმებული ვალდებულია ელექტრონული ფოსტის სარგებლობისას გამოიყენოს ხელმოწერის ერთიანი სტანდარტი, რომელსაც ადგენს სააგენტო.
  2. დასაქმებული ვალდებულია სამუშაო ადგილზე 2 (ორი) დღეზე მეტი ვადით არყოფნის შემთხვევაში, სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე ჩართოს შესაბამის პირზე გადამისამართების ფუნქცია.
  3. სააგენტოში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან დოკუმენტები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (eDocument) ასატვირთად კანცელარიას მიაწოდონ არაუგვიანეს სამუშაო დღის 17:30 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტის სამუშაო დღის 18:00 საათის შემდეგ გაგზავნის აუცილებლობა განპირობებულია სააგენტოს საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის.
  4. დასაქმებულის სამსახურებრივ ფოსტაზე გაგზავნილი ინფორმაცია გაცნობილად ითვლება გაგზავნიდან 1 სამუშაო დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირთან შეჩერებულია შრომითი ურთიერთობა ან პირი საპატიო მიზეზით არ იმყოფება სამუშაო ადგილზე.
  5. სააგენტოში დასაქმებულ(ებ)ი ვალდებულია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (eDocument) სისტემაში ასატვირთი წერილობითი დოკუმენტი მოამზადოს Sylfaen-ში 12-იანი შრიფთტის გამოყენებით.

 

მუხლი 22. სააგენტოს სათათბირო საბჭო

 

  1. სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვის მიზნით სააგენტოში შექმნილია სათათბირო საბჭო.
  2. სათათბირო საბჭოს მიზანია სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვის საფუძველზე სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
  3. სათათბირო საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
  4. სათათბირო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
  5. ყოველი მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები სათათბირო საბჭოს წარუდგენენ ინფორმაციას (ანგარიშს) მათ საკურატორო სფეროებს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გასული თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის თაობაზე.

 

 

მუხლი 23. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას

 

1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას სააგენტო ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია, დააბრუნოს სამსახურის მიერ მისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობა და შესაბამისი სამმართველოს ხელმძღვანელს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩააბაროს ყველა საბუთი/დოკუმენტი, რომელიც მას აწერია. დასაქმებულთან საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველს წარმოადგენს შევსებული შემოვლის ფურცელი (დანართი 1), რომელიც წარედგინება ადმინისტრაციულ დეპარტამენტს. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე, სააგენტოს მიერ არ განხორციელდება დასაქმებულის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბოლოო ანგარიშსწორება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემოვლის ფურცელზე ხელს აწერს:

ა) შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) უფლებამოსილი პირი, რომელიც ადასტურებს დათხოვნილი პირის მიერ მატერიალური ფასეულობის (ავტოსატრანსპორტო საშუალების და ა.შ) ჩაბარების ფაქტს.

5. პირის დათხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოვლის ფურცლის ელექტრონულ (eDocument) პროგრამაში ატვირთვას.

 

 

          მუხლი 24. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია

 

1. სააგენტო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი საქმიანობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას.

          2. თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას სააგენტო უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემის დანერგვით.

          3. სააგენტო უზრუნველყოფს თანამშრომლის შრომითი დაცვის პირობების შექმნას. თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.

          4. თანამშრომლისათვის შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პირობების გაცნობას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. თანამშრომელი პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას.

 

 

მუხლი 25. დასკვნითი დებულებები

 

  1. შინაგანაწესს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
  2. წინამდებარე შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. სააგენტო ვალდებულია შინაგანაწესში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება გააცნოს დასაქმებულს, რაც გულისხმობს ცვლილების ტექსტის გაცნობის შესაძლებლობის შექმნას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზევით ასქროლვა