„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს
პროგრამის მნიშვნელობა და მონაწილეობის ტექნიკური დეტალები შეხვედრის მონაწილე თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ ფერმერებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო.
კახეთის მხარეში, პირველ ეტაპზე, იდენტიფიცრებულია 610 საძოვარი, საერთო ფართობით 26 212 ჰექტარი, აქედან, თელავის მუნიციპალიტეტში 1038 ჰექტარი, ხოლო გურჯაანში - 608.
სახელმწიფო პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. საძოვრების 3-წლიანი იჯარით განკარგვის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებთაც საკუთრებაში ჰყავთ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
დღეისათვის, უკვე გამოქვეყნებულია 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით - 14786 ჰექტარი; განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და 26 აპრილს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ხელმისაწვდომი საძოვრების სია ეტაპობრივად განახლდება.