ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა - 2024 წლის სამუშაოები
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის გეგმით გათვალისწინებული საინვენტარიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში: ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკის, გარდაბნის და დმანისის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს დაგეგმილია 2,999.52 ჰექტარი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ინვენტარიზაცია.
სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დაიწყო. იგი წარმოადგენს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების აღრიცხვისა და დაცვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება, ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია მოიცავს:
- ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების გამოვლენას;
- როგორც ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, ასევე ამ ტერიტორიაზე მერქნიან მცენარეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრას;
- ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის საზღვრების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებას და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.