მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უზბეკეთის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, დარგობრივი მიმართულების ექსპერტებთან და გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე გამოცდილება გააზიარეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) წარმომადგენლები.
ქართულმა მხარემ ისაუბრა მიწის მართვის ისტორიულ და ინსტიტუციურ გამოცდილებაზე, იმ სისტემურ მიმართულებებზე, რომლებზეც სააგენტო მუშაობს მიწის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით. განხილულ იქნა მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და განახლების პროცესი, რაც აუცილებელია მიწის ბალანსის შესადგენად; ყურადღება დაეთმო ქარსაფარი ზოლების მართვისა და საძოვრების მდგრადი გამოყენების მოდელებს.
უზბეკეთის მიწის რესურსების დიგიტალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასრორ ჯურაევმა მიწის მართვის უზბეკურ გამოცდილებაზე ისაუბრა, რაც გულისხმობს მშრალი ეკოსისტემებისთვის მორგებულ მიწის მართვას, დეგრადაციის კონტროლის ღონისძიებებსა და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას.
მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნისთვის აქტუალური გამოწვევები და შესაძლო გზები ეფექტიანი პოლიტიკის დასაგეგმად, რომელიც ხელს შეუწყობს ნიადაგისა და მიწის რესურსების დაცვას და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოფლის მეურნეობის მდგრადობისთვის.
უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში განხორციელდა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ ორგანიზებული, ცოდნის გაზიარების სასწავლო ტურის ფარგლებში და მიზნად ისახავდა მიწისა და საძოვრების მდგრადი მართვის გამოცდილების გაცვლას.