საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს მიწის კონსოლიდაციის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების კვლევის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ტრენინგი მიზნად ისახავდა მიწის კონსოლიდაციის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით მონაწილეთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.  განხორციელების შესაძლებლობის შეფასების კვლევა პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების პირველ ფაზას წარმოადგენს, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად არის შესაძლებელი კონკრეტულ არეალში მიწის კონსოლიდაცია.

სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა  მსგავსი შეხვედრის მნიშვნელობას; მისი თქმით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ შესაძლებლობებს გააძლიერებს.

ტრენინგს უძღვებოდნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწის საკუთრების ოფიცრები მორტენ ჰარტვიგსენი და მაქსიმ გორგანი.

ტრენინგის სესიების ფარგლებში დეტალურად განიხილეს მონაცემთა შეგროვების და მიწის საკუთრების რუკების გამოყენების საკითხები. ყურადღება დაეთმო სამუშაოს დაგეგმვის, თემის ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების, ასევე საველე სამუშაოებისა და მიწის მესაკუთრეებთან ინდივიდუალური ინტერვიუების ჩატარების პრაქტიკულ საკითხებს.

სწავლების პროცესში სპეციალისტებს გადაეცათ  სპეციალურად მომზადებული „მიწის კონსოლიდაციის განხორციელებადობის კვლევის სახელმძღვანელო“, რომელიც მოიცავს სრულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, რაც აუცილებელია პროცესის გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე ჯგუფურ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის, ინტერვიუს იმიტაციას.

საქართველოში მიწის კონსოლიდაციის პროექტი მიზნად ისახავს მიწის ფრაგმენტაციის შემცირებას და ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში.

ზევით ასქროლვა