შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტში
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა ქიმაძეს და მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს შეხვდა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
სააგენტოს თავჯდომარემ შეხვედრა გამართა ადგილობრივ ფერმერებთანაც და მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის დეტალების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამით განსაზღვრული პროცედურებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, ადიგენის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის დაახლოებით 5 ათასი ჰექტარი მიწის იჯარით განკარგვის უფლება მიიღონ.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დამტკიცდა. პროგრამა მიზნად ისახავს საძოვრების რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვას და მეცხოველეობის განვითარებას.