გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა
მინისტრმა უწყების მიმდინარე წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2022 წლის გეგმები განიხილა. ამ ეტაპზე, სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა მიწის ბალანსის შესადგენად ინფორმაციის წყაროების მოძიებასა და მონაცემების შეჯერებაზე, რაც მოიცავს სხვადასხვა უწყებებში დაცული ინფორმაციის დადგენა-გამოთხოვას, მათ კონსოლიდირებას და მართვის მექანიზმების შემუშავებას.
სააგენტო ასევე მუშაობს მიწის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებაზე, მიწათსარგებლობის (Land Use) და მიწის დაფარულობის (Land Cover) შესახებ მონაცემების შესაქმნელად, მათ შორის - სატელიტური მონიტორინგის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამებზე, რომელსაც სააგენტო ამჟამად ახორციელებს, ესენია: „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“.
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა მონაცემების მოძიება და შესწავლა. მოპოვებული ინფორმაციით, 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში აღრიცხული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სავარაუდო ფართობი შეადგენდა - 11,500 ჰექტარს. ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საპილოტე პროექტი, რომელიც მოიცავს 213 ნაკვეთს, ჯამში, 430 ჰექტარ ფართობს.
რაც შეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას“, ამ ეტაპზე განხორციელებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის და პროგრამულად დამუშავების სამუშაოები. იდენტიფიცირებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები - 3,880 ნაკვეთი, სულ 124,953 ჰექტარი. პროგრამით გათვალისწინებული 1 ჰექტარზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები - 2,348 ნაკვეთი საერთო ფართობით 93,616 ჰექტარი. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმციის გაცნობის მიზნით, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე კამპანია მიმდინარეობს კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჩატარდა 7 შეხვედრა, რომელსაც, ჯამში, 400-მდე დაინტერესებული პირი დაესწრო.
მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ვრცლად ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადებაზეც, რაც განპირობებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად სააგენტოს მმართველობის სფეროში შესაბამისი დარგობრივი უფლებამოსილებების დაქვემდებარების აუცილებლობით, აგრეთვე „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც 2021 წლის 20 ნოემბრიდან შევა ძალაში. ასევე, განხილვის თემა იყო სააგენტოს დონორებთან ურთიერთობა. ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა უნდა უზრუნველყოს უწყების შესაძლებლობების გაძლიერება.