საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
2021 წლის 6 ოქტომბრის N497 დადგენილებაში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით შევიდა.
აღნიშნული ცვლილებების მიზანი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი განხორციელებაა.
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, განაცხადების მიღებას, სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge; www.land.gov.ge) საძოვრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ იწყებდა. მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებით, აღნიშნული ვადა გაუქმდა. სააგენტო პრეტენდენტებისგან განაცხადების მიღებას ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე დაიწყებს.
ცვლილებების თანახმად, გაუქმებულია პროგრამაში მონაწილეობის პრეტენდენტის მფლობელობაში არსებული მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის თაობაზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ვეტერინარული მოწმობის ფორმა N1-ის წარმოდგენა, რაც მონაწილეს უმცირებს წარსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობას.