„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა იმერეთის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და ტექნიკური დეტალები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ იმერეთის რეგიონის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს და იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს გააცნო.
შეხვედრაზე პროგრამაში ფერმერების ჩართვის პირობები და პროცესის ეფექტიანად წარმართვაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორად იქნას გამოყენებული ქვეყანაში არსებული საძოვრების რესურსი, რაც განაპირობებს მიწის ვარგისიანობისა და პროდუქტიულობის დაცვას, შესაბამისად, მეცხოველეობის განვითარებას.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა 2021 წლის 6 ოქტომბერს დამტკიცდა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. დღეის მდგომარეობით, სამ ეტაპად გამოქვეყნდა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრები; მიმდინარეობს პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია.