ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საინვენტარიზაციო სამუშაოების არეალი და დაფინანსება იზრდება
2023 წლის საინვენტარიზაციო სამუშაოების სავარაუდო ფართობი, წინასწარი მონაცმებით შეადგენს 2448 ჰექტარს, ხოლო ბიუჯეტი - 1,5 მილიონ ლარს, რაც 900 ათასი ლარით აღემატება მიმდინარე წლის დაფინანსებას. ინვენტარიზაცია ჩატარდება 4 მუნიციპალიტეტში: დედოფლისწყაროში, კასპში, ქარელში და დუშეთში.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა: არსებული, დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლების გამოვლენა, მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის ხდება შესაბამისი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება, სტატუსის მინიჭება და შემდგომ ქარსაფრის სტატუსით საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
აღნიშნული პროგრამა 2021 წლის 16 ივნისს დაიწყო და დღეის მდგომარეობით ინვენტარიზებულია დაახლოებით 1235 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი, ამჟამად დასრულებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული 319.2 ჰა ქარსაფარი ზოლის სტატუსის რეგისტრაცია. 2021 წელს საინვენტარიზაციო სამუშაოები ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს კი დასრულდა საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ამონაწერში უკვე აისახება მონაცემები ქარსაფარი ზოლის და სტატუსის შესახებ. საკადასტრო გეგმაზე ფიქსირდება ქარსაფარი ზოლის აღმნიშვნელი პირობითი ნიშანიც.
ინვენტარიზაციის პროცესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ინვენტარიზაცია დასრულდება 2025 წლის 1 მარტს. შემდეგი ეტაპი მათი აღდგენა/რეაბილიტაცია და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებაა, რაც ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.
ქარსაფარი ზოლები უზრუნველყოფს ქარისმიერი ეროზიისგან ნიადაგის დაცვას, ტენიანობის შენარჩუნებას და სარწყავი წყლის ეკონომიას. ქარსაფარი ზოლი 30%-მდე ზრდის მოსავლიანობას.