შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი“ შეიმუშავა. დოკუმენტის საფუძველზე, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომები უნდა ჩამოყალიბდეს.
კონცეფციის დოკუმენტი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა ქ. გორში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, მოხდება საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა; ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც გულისხმობს როგორც საერთო სარგებლობას, ასევე იჯარას.
კონცეფციის თანახმად, მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF).