საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა

რაში მდგომარეობს პროგრამის მიზანი?

მეცხოველეობის განვითარებისა და საძოვრების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია.

როგორ ხდება იჯარით გასაცემი საძოვრის შერჩევა?

შესაბამის მუნიციპალიტეტთან, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან და ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, იჯარით გაცემის მიზნით საძოვარს შეარჩევს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირს შეუძლია თვითონ წარადგინოს არანაკლებ 100 ჰა ფართობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი - შემდგომში საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაციის მიზნით ან  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კატეგორიის გარეშე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია - მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი - მისი, საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაციის მიზნით.

სად მოვიძიოთ პროგრამის ფარგლებში, იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაცია?

პროგრამის ფარგლებში, იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაცია  პერიოდულად ქვეყნდება შემდეგ ვებ მისამართებზე: www.mepa.gov.ge; www.land.gov.ge.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ყველა ფიზიკურ თუ იურიდულ პირს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ასევე ამხანაგობას, რომელსაც სურვილი აქვს პროგრამის ფარგლებში, იჯარის უფლებით მიიღოს საძოვარი და ჰყავს შესაბამისი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ზღვრული დატვირთვის ნორმა განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი ან/და ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა.

რა დოკუმენტაციაა საჭირო პროგრამაში მონაწილეობისთვის?

- სეს-ის მიერ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით ადრე გაცემული ცნობა მფლობელობაში არსებული პირუტყვის შესახებ, პირუტყვის საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით;

- ინფორმაცია მფლობელობაში არსებული ან იჯარით აღებული საძოვრის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში და საჯარო რეესტრიდან გაცემული შესაბამისი ამონაწერები.

შემდეგი ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ:

- ფიზიკური პირი - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

- იურიდიული პირი - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში -  მეპაიეთა რეესტრის ნოტარიულად დამოქმებული ასლი;

- ამხანაგობა - ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორ წარვადგინოთ განაცხადი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

განაცხადების მიღების ვადაა არანაკლებ 30 კალენდარული დღე. განაცხადების მიღების და დასრულების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდებზე: www.mepa.gov.ge; www.land.gov.ge.

სააგენტოში განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა წარმოებს  მატერიალური ფორმით. არასრულყოფილი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, რომლის დადგენაც სააგენტოს მხრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ხდება, ხარვეზის აღმოსაფხვრელად პრეტენდენტს დამატებითი 10 კალენდარული დღე ეძლევა.

განაცხადების  მიხედვით სააგენტო ადგენს პროგრამაში მონაწილეთა სიას და აგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში აუქციონის ჩატარების მიზნით. თუ შეირჩა მხოლოდ ერთი მონაწილე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მას საძოვარი სარგებლობის უფლებით გადაეცემა აუქციონის გარეშე.

აუქციონის ფორმით, საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი  საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებით. საწყისი სააუქციონო ფასი 1 ჰექტარზე წლიურად შეადგენს: ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 8 ლარს, ხოლო სხვა ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში - 15 ლარს. თუმცა, საძოვრის იჯარით სარგებლობაში გადაცემის საბოლოო ფასს განსაზღვრავს აუქციონის შედეგები. გამარჯვებული, აუქციონის დასრულებიდან 50 კალენდარულ დღეში იხდის პირველი წლის საიჯარო ქირას.

პროგრამაში მონაწილე პირებს, რომლებთანაც გაფორმდება შესაბამისი საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდის გარდა,  იჯარით აღებული საძოვრით სარგებლობისათვის ასევე ეკისრებათ ვალდებულება, გადაიხადონ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადი - ქონების (მიწის) გადასახადი, რომელსაც ამავე კოდექსის თანახმად ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო და რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.


რა ვალდებულებები გააჩნია მოიჯარეს?

მოიჯარეს, სააგენტოსა და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის ფორმდება 3-წლიანი, იჯარის სამმხრივი ხელშეკრულება. მოიჯარე უზრუნველყოფს საძოვრის მოვლა-პატრონობას, საძოვარზე მხოლოდ პროგრამაში ჩართული პირუტყვის ძოვებას, ასევე - იჯარის ხელშეკრულებით განასზღვრული ვალდებულებების დაცვას.

ზევით ასქროლვა